POLITICO: აშშ ჰორმუზის სრუტის პატრულირებას დაჟინებით ითხოვს, თუმცა მოკავშირეები მხრებს იჩეჩავენ
ევროპელი მოკავშირეები უარს ამბობენ მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინიციატივას ჰორმუზის სრუტეში ერთობლივი საპატრულო მისიის შექმნის შესახებ, სანამ ირანთან ომში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაინახავენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უახლოესი მოკავშირეების მიმართ მუდმივ კრიტიკას შედეგები მოჰყვა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მოუწოდებს, საზღვაო კოალიციის შექმნაში წამყვანი როლი შეასრულონ. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის უეს სთრითინგის დახმარების მიუხედავად, ევროპაში ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ.
ჰეგსეტი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ევროპის ქვეყნებს იმის გამო, რომ ისინი ირანთან ომში ჩართვაზე უარს ამბობდნენ. თუმცა, ეს მცდელობა მოკავშირეების დახმარების მისაღებად ყველაზე აქტიური ნაბიჯია და ის მას შემდეგ ხორციელდება, რაც თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებმა გაზზე ფასის მკვეთრი ზრდა, მოსახლეობის უკმაყოფილება და სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვა გამოიწვია, წერს გამოცემა.
აშშ-ისა და ბრიტანეთის ოფიციალური პირები ლონდონში საერთაშორისო კონფერენციის გამართვას გეგმავენ, სადაც განისაზღვრება ქვეყნების როლი და გადაწყდება, რომელი სამხედრო ხომალდები განახორციელებენ საზღვაო ნაღმების ძებნას ან სრუტეში დაიცავენ სამოქალაქო გემებს, რომლებსაც ირანი ემუქრება.
თუმცა, ხუთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ინიციატივა ჯერ მნიშვნელოვნად წინ არ წაწეულა და უახლოეს მომავალში რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებსაც არ ელიან, წერს POLITICO.
ერთ-ერთი ბრიტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჰეგსეტმა საპატრულო მისიის იდეა გასულ პარასკევს სთრითინგთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა. მისი თქმით, საუბარი ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა შეძლონ გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა მოკავშირეების გაერთიანება ამერიკული თავდაცვის მხარდასაჭერად.
ერთ-ერთი ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, ჰეგსეტმა და სთრითინგმა ორშაბათს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს კატრინ ვოტრენთანაც ისაუბრეს, რათა განეხილათ, როგორ უნდა „იმუშაონ ერთად რეგიონში საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ორი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოკავშირეები კვლავ უკმაყოფილო არიან ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არ გაეფრთხილებინა ისინი ირანზე ამერიკა-ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებამდე თებერვალში. ისინი ასევე ფრთხილობენ, ჩაერთონ ახალ და სარისკო მისიაში მაშინ, როცა თეთრი სახლი მათ პარტნიორებად არ აღიქვამდა.