POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები მხარდაჭერას უცხადებენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია FairSquare-ის მიერ შეტანილ საჩივარს და მოუწოდებენ ფიფას ეთიკის კომიტეტს, შეისწავლოს „გადაწყვეტილებები ფიფას ყოველწლიური მშვიდობის პრემიის დაწესებასა და შემდეგ ამ პრემიის პრეზიდენტ ტრამპისთვის გადაცემასთან დაკავშირებით“.

„მსოფლიო ჩემპიონატი მსოფლიოს გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა წერილის ავტორმა, ევროპარლამენტარმა ბარი ენდრიუსმა. - „როდესაც ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო ერთ პრეზიდენტს მეორეზე წინ აყენებს, ეს ფიფასა და მთლიანად ტურნირის რეპუტაციას ლახავს“.

„როდესაც ამ ზაფხულს მთელი მსოფლიოს ყურადღება ფიფასკენაა მიპყრობილი, ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს FairSquare-ის ეთიკური საჩივარი“, - ნათქვამია წერილში. - „ეს საჩივარი ფიფას აძლევს შესაძლებლობას, დაამტკიცოს თავისი ერთგულება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი“.

ტრამპს ჯილდო ინფანტინომ 2025 წლის 5 დეკემბერს გადასცა. FairSquare-ის პირველადი საჩივარი სამი დღის შემდეგ შევიდა. საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელმა პრიზის დაწესებამდე ფიფას საბჭო არ გააფრთხილა, კრიტიკოსებმა კი ეს ჯილდო აღიქვეს როგორც ფიფას უფროსის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოების აშკარა მცდელობა.

ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხარდასაჭერად ინფანტინოს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები არღვევს ფედერაციის წესდებას, სადაც ნათქვამია, რომ „ფიფა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში“.