POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

„ლაიფციგში დრონით თავდასხმა, სხვა შემთხვევებთან ერთად, აჩვენებს, რომ ჩვენც ძალიან რეალური საფრთხეების წინაშე ვდგავართ. გერმანია ჰიბრიდული თავდასხმების განმახორციელებლების მხრიდან გაზრდილი ყურადღების ქვეშ მოექცა“, - განაცხადა მერცმა ნეუ-ჰარდენბერგში მთავრობის ორდღიანი არაფორმალური შეხვედრის წინ.

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის კონტრტერორისტულმა უწყებებმა გამოძიება 5 აგვისტოს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აეროპორტის თანამშრომელმა ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მოწყობილობის დეტონატორმა ვერ იმუშავა.

გამომძიებლებმა 14 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტთან კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. აეროპორტი ნატოსთვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ბაზას წარმოადგენს.

მერცს არ დაუსახელებია, თუ ვინ არის მომხდარში დამნაშავე.

„ჩვენ უსაფრთხოების უწყებებთან ერთად ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ და დასკვნებს მალე წარვადგენთ და შესაბამის კომენტარსაც გავაკეთებთ“, - განაცხადა კანცლერმა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მერცმა ორშაბათს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობას დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ „ირიბი მტკიცებულებები“ აქვს.

როგორც გამოცემა წერს, მერცის მთავრობა გერმანიის სადაზვერვო სამსახურებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭებას ცდილობს, რათა მათ რუსეთის მსგავსი მოწინააღმდეგეებისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ უფრო ეფექტურად იმოქმედონ.

გერმანიის უსაფრთხოების მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ნათქვამია გასულ წელს გამოქვეყნებულ გერმანიის სადაზვერვო ანგარიშში.

შემოთავაზებული რეფორმების ფარგლებში გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის, BND-ის თანამშრომლებს შესაძლოა მიეცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ საბოტაჟის ოპერაციები და შეტევითი კიბეროპერაციები.

ეს ცვლილებები მიზნად ისახავს გერმანიის სპეცსამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებსაც ბერლინი რუსეთისა და სხვა მოწინააღმდეგე სახელმწიფოების მხრიდან ხედავს.