Reuters: ავსტრალიაში მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომაზე დაწესებული აკრძალვა ეფექტიანად ვერ სრულდება
ავსტრალიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ასაკის შემოწმების მექანიზმების ხარვეზების გამო პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ სრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გასული წლის დეკემბრიდან ავსტრალიაში მოქმედი კანონი სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის Instagram-ს, Snapchat-სა და YouTube-ს, ავალდებულებს 16 წლამდე ასაკის პირებს ანგარიშების შექმნის შესაძლებლობა არ მისცენ. კანონის თანახმად, პლატფორმებმა მოთხოვნის შესასრულებლად „გონივრული ზომები“ უნდა მიიღონ, ხოლო მთავრობა რეკომენდაციას იძლევა, მომხმარებლის ასაკის დასადგენად რამდენიმე მეთოდი ერთდროულად გამოიყენონ.
თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, რეგულაცია ფართო კრიტიკის საგანია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 16 წლამდე ასაკის მომხმარებლების უმეტესობა სოციალურ ქსელებზე წვდომას კვლავაც ახერხებს. ამის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ გასულ თვეს კანონის დარღვევისთვის დაწესებული მაქსიმალური ჯარიმა გააორმაგა და ტექნოლოგიური კომპანიები სასამართლო დავითაც გააფრთხილა.
Reuters-თან საუბარში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების კომპანია KJR-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ კანონის ამოქმედების შემდეგ 50 სატესტო ანგარიში შექმნეს, სადაც მომხმარებლის ასაკად 16 წელი მიუთითეს. მათი თქმით, არცერთ შემთხვევაში პლატფორმებს ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახის ვერიფიკაცია არ მოუთხოვიათ.
„მომხმარებელს უნდა სთხოვდნენ, დაამტკიცოს, რამდენი წლისაა, თუმცა ჩვენ არც ერთხელ არ მოგვთხოვეს ასაკის დადასტურება ან ასაკის გადამოწმების სხვა მექანიზმის გამოყენება“, – განაცხადა KJR-ის დირექტორმა ენდრიუ ჰამონდმა.
მისი თქმით, 50-ვე სატესტო ანგარიში დღემდე აქტიურია და ისინი იმ 10 პლატფორმიდან ცხრაზეა შექმნილი, რომლებზეც ასაკობრივი შეზღუდვა ვრცელდება. მათ შორისაა Instagram, Snapchat, TikTok და YouTube.