Reuters: ანკარაში ნატოს სამიტზე ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეთანხმებები წარადგინეს
ნატოს წევრმა ქვეყნებმა ანკარაში ალიანსის სამიტის დაწყებამდე, ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეთანხმებების წარადგინეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამით ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ აშშ-ის მოწოდებას ევროპაში თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ ითვალისწინებენ. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება, წერს სააგენტო.
ანკარაში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის ახალი ინიციატივები წარადგინა და სცენაზე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიწვია.
„ერთად მუშაობით მეტის გაკეთება შეგვიძლია და მეტიც უნდა გავაკეთოთ. ნატოს წევრი ქვეყნები მრავალეროვნული სამხედრო შესყიდვების ახალ კოალიციებს უერთდებიან. ეს დაგვეხმარება, რომ სხვადასხვა მიმართულებით საჭირო შესაძლებლობები უფრო სწრაფად და ეფექტიანად შევიძინოთ“, – განაცხადა რუტემ.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმებების დეტალები აქამდე გასაიდუმლოებული იყო, რათა მათი წარდგენა სწორედ ნატოს სამიტისთვის დაემთხვიათ.
შეთანხმებებს შორისაა ევროპული ქვეყნების მიერ ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების შეძენა, ასევე ნატოს მიერ შვედური კომპანია Saab-ის სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვა.
Reuters-ის წყაროს ცნობით, აშშ გერმანიასა და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს ევროპაში იმ რაკეტების ერთობლივი წარმოების დაწყებას, რომლებზეც უკრაინის თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე მაღალი მოთხოვნაა.
სააგენტოს ცნობით, ეს ინიციატივა ვაშინგტონში არსებული შეშფოთების ფონზე გაჩნდა, რადგან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა ამერიკული შეიარაღების მარაგი მნიშვნელოვნად შეამცირა და აშშ-ის სამხედრო ინდუსტრიაზე დამატებითი დატვირთვა შექმნა.
რუტეს განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად 40 მილიარდ დოლარზე მეტს დააბანდებენ.
Reuters-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ამყარებს ტრამპის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე მეტი დახარჯონ და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მხოლოდ აშშ-სა და ნატოზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი.