Reuters: ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სანქციების გვერდის ავლით აღჭურვილობის მიწოდების სქემა გამოავლინა

Reuters: ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სანქციების გვერდის ავლით აღჭურვილობის მიწოდების სქემა გამოავლინა

ავსტრიამ გამოავლინა სქემა, რომლის წყალობით ვენაში დაფუძნებული კომპანია რუსულ სარაკეტო და საბრძოლო თვითმფრინავების ძრავების წარმოებაში გამოყენებულ აღჭურვილობას ევროკავშირის სანქციების დარღვევით აწვდიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომპანიამ სანქციების ქვეშ მოქცეული აღჭურვილობის, მათ შორის სპეციალური ლითონის დამუშავების ხელსაწყოებისა და CNC ჩარხების, მიწოდებისთვის საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატები გააყალბა. აღნიშნული მოწყობილობები შესაძლოა დეტალებისა და სხვადასხვა ხელსაწყოს დასამზადებლად გამოიყენებოდეს.

უწყების განცხადებით, კომპანიის 28 წლის ბელარუსი ხელმძღვანელი მაისში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ რუსეთში საქონლის მიწოდება თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, ბელარუსში, ყირგიზეთში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში მოქმედი კომპანიების ქსელის მეშვეობით დამალა.

„დაუშვებელია, რომ მაღალი სიზუსტის ევროპული ტექნოლოგიები ფრთოსანი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის გამოიყენებოდეს“, - განაცხადა ავსტრიის დაზვერვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა იორგ ლაიხტფრიდმა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღჭურვილობა მიეწოდებოდა რუსულ სახელმწიფო სამრეწველო კონგლომერატ „როსტეხ“-თან დაკავშირებულ კომპანიებს. გამოძიების ბოლო მონაცემებით, მიწოდებული საქონელი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ფრთოსანი რაკეტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ძრავების დასამზადებლად გამოიყენებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილის დაკავების დღესვე სამართალდამცველებმა დაახლოებით 140 000 ევროს ღირებულების CNC ჩარხები და სპეციალიზებული ხელსაწყოები ამოიღეს. დაკავებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება, გამოძიების გაგრძელების პერიოდში პატიმრობაში რჩება.