Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რუსეთის დასავლეთ ციმბირში, ტიუმენის ოლქის ქალაქ ტობოლსკში მდებარე „სიბურის“ ნავთობქიმიური კომპლექსი ორშაბათს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ობიექტი, რომელიც რუსეთში თხევადი გაზის (LPG) ყველაზე დიდი მწარმოებელია, განუსაზღვრელი ვადით გაჩერდა, „სანამ ზარალის მასშტაბი და მისი შედეგები შეფასდება“.
ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შემდეგ რეგიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა, არ დაუკონკრეტებია.
როგორც Reuters-ი იუწყება, ტობოლსკის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს აწარმოებს, რაც რუსეთის მთლიანი წარმოების დაახლოებით 40%-ს შეადგენს.