The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ პიტ ჰეგსეტის გეგმა ევროპაში ჯარების შემცირებასთან დაკავშირებით დაბლოკა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნატოს სამხედრო ხელმძღვანელებთან ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შემცირების შესახებ „სკანდალურ“ განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმა საბოლოოდ დაბლოკეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰეგსეტი აპირებდა ეთქვა, რომ აშშ ევროპაში ჯარების კიდევ უფრო მეტ შემცირებას განიხილავდა, თუმცა მისი ინიციატივა მაშინ დაიბლოკა, როდესაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მარკო რუბიოსა და სხვა მაღალჩინოსნებს გააცნეს. ამის შემდეგ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ევროპაში ჯარების განლაგების გადახედვას დაიწყებდა, პროცესი კი, შესაძლოა, ექვს თვემდე გაგრძელდეს.
სტატიის მიხედვით, აღნიშნული შემთხვევა აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირების მასშტაბი და ტემპი.
ამავე დროს, თავად დონალდ ტრამპი არაერთხელ საუბრობდა ნატოს იმ წევრი ქვეყნების მიმართ მკაცრ ზომებზე, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს არასაკმარისად ზრდიან. თუმცა ჰეგსეტის განცხადებები და მისი მკვეთრი პოზიციები, როგორც გამოცემა აღნიშნავს, აჩენს შეშფოთებას როგორც მოკავშირეებში, ისე კონგრესში, მათ შორის „რესპუბლიკელებში“, რომ, შესაძლოა, დაზიანდეს ალიანსის ერთიანობა და გაძლიერდეს რუსეთის პოზიციები.
თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰეგსეტის ნაბიჯები პრეზიდენტის პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისობაში იყო და მიზნად ისახავდა გადაწყვეტილების პროცესში ჩარევის თავიდან აცილებას.
ნატოს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ანკარაში დაგეგმილი სამიტი ალიანსის ერთიანობასა და უკრაინის მხარდაჭერას წარმოაჩენს, თუმცა შიშობენ, რომ ტრამპთან შესაძლო დაძაბულობა დღის წესრიგს დაჩრდილავს. პარალელურად განიხილება 2027 წლის სამიტის გაუქმების შესაძლებლობაც, რასაც Reuters-იც ადასტურებს.
პენტაგონის მიერ იანვარში გამოქვეყნებული სტრატეგიის თანახმად, აშშ-ის მიზანია ევროპაში სამხედრო ყოფნის შემცირება და ყურადღების გადატანა ინდო-წყნარ ოკეანესა და დასავლეთ ნახევარსფეროზე. დოკუმენტის მიხედვით, ევროპულმა ქვეყნებმა თავად უნდა აიღონ კონტინენტის კონვენციური თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა.