UEFA ბალოგუნის ბელგიასთან მატჩზე დაშვებაზე: წითელი ხაზი გადაიკვეთა. გამოვხატავთ სრულ გაოცებას და უნდობლობას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიმართ

UEFA ბალოგუნის ბელგიასთან მატჩზე დაშვებაზე: წითელი ხაზი გადაიკვეთა. გამოვხატავთ სრულ გაოცებას და უნდობლობას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიმართ

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) FIFA-ს მიერ ამერიკელი ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო მკაცრი ოფიციალური განცხადება გაავრცელა. UEFA FIFA-ს ქმედებას „უპრეცედენტო და გაუგონარ“ ნაბიჯს უწოდებს.

„გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნისთვის ნაჩვენები წითელი ბარათის გამო დაკისრებული ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის აღსრულება ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეჩერდა, წითელი ხაზი გადაკვეთა.

ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტი, ეყრდნობა წესებს, რომლებიც სამართლიანი, პატიოსანი და გამჭვირვალე შეჯიბრების საფუძველია. ზოგჯერ წესები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ შემთხვევაში - არა. წითელი ბარათის შემდეგ მინიმალური ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ არის ნებაყოფლობითი არჩევანი და მისი ძალაში შესვლისთვის კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება საჭირო არ არის. ეს არის რეგლამენტში ჩაწერილი პრინციპი, რომელიც არ შეიძლება გამონაკლისებს დაექვემდებაროს, მით უმეტეს ტურნირის შუაგულში, სადაც არაერთი სხვა მოთამაშე აღმოჩნდა იმავე სიტუაციაში და მათ დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივ მოიხადეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

UEFA-ში აღნიშნავენ, რომ როდესაც წესების ურყეობას მისივე მცველები აღარ უზრუნველყოფენ, საფრთხის ქვეშ დგება თამაშის კეთილსინდისიერება და ზიანდება თავად შეჯიბრების სანდოობა. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს მიმდინარე ტურნირზე, სადაც მსგავსი სიტუაციები ახლა უკვე თანაბარ მიდგომას მოითხოვს, რაც ტურნირს მხოლოდ დააზიანებს.

„ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სპორტია, რადგან ის მშვენიერი თამაშია და მას ენდობიან, ვინაიდან ყველგან ერთი და იმავე წესებით თამაშობენ. არცერთი ტურნირი არ არსებობს იზოლირებულად, და თუ ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატია, მას აქვს ძალა, დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მთლიანად ფეხბურთზე. ჩვენ გამოვხატავთ სრულ გაოცებას და უნდობლობას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიმართ“, - წერია განცხადებაში.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავმა, ფოლარინ ბალოგუნმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო. თუმცა, მატჩის წინა დღეს FIFA-მ მოულოდნელად გააუქმა დისკვალიფიკაცია და განაცხადა, რომ სასჯელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით გადავადდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა გავლენიანი გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად დაურეკა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს და ბალოგუნის სასჯელის გადახედვა სთხოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social საჯარო მადლობა გადაუხადა FIFA-ს „დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“, რამაც ევროპულ სპორტულ და პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.