საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა და მანდატურებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა და მანდატურებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის ერთიან მიდგომებსა და რეკომენდაციებს შეეხებოდა.- ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ავრცელებს.
ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა გახსნა. მან თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობასა და ბავშვთა დაცვის მექანიზმების როლზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, იდენტიფიცირების, პრევენციისა და შემთხვევების მართვის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეფერირებისა და ანგარიშგების ეფექტიან პროცედურებს, ასევე ტრავმაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებას ბავშვებთან კომუნიკაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს ბავშვებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას და ამცირებს განმეორებითი ტრავმირების რისკს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განაგრძობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რათა სასკოლო სივრცეში კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ბავშვების მხარდაჭერა.