ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება

ვოლოდიმირ ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას ანტიბალისტიკური საშუალებები სჭირდება. მისივე თქმით, რუსული ტერორის შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რუსული ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა. ხალხს ასეთი საშინელი თავდასხმებისგან უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. აუცილებელია, რომ ევროპა მაქსიმალურად აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემების, საკუთარი სისტემებისა და რაკეტების განვითარებაში. რაც უფრო მალე გვექნება მეტი ასეთი შესაძლებლობა, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთმა დნიპროში თავდასხმის დროს, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მიზანში ინფრასტრუქტურა ამოიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთმა იერიში ზაპოროჟიეზეც მიიტანა და მიზანში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოიღო. თავდასხმა დრონით განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი პირი კი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.

ზელენსკიმ დნიპროსა და ზაპოროჟიეში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, თავდასხმები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც.

„ნიკოპოლში რუსებმა ორმაგი დარტყმა განახორციელეს პირველადი რეაგირების ჯგუფებსა და სახანძრო მანქანაზე. ისინი ასევე თავს დაესხნენ სუმის, ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ასევე, დარტყმები მიიტანეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქებზეც“, – წერს ზელენსკი.