სულხან თამაზაშვილმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან

სულხან თამაზაშვილმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე. მათ ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი პროექტები და რეფორმები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და საპოლიციო დანაყოფებს შორის ეფექტიანი, ოპერატიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, სულხან თამაზაშვილმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკაში მიწვევისთვის და საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.