შავ ზღვაში დრონების იერიშის შედეგად თურქული კომპანიის კუთვნილი სატვირთო ხომალდი ჩაიძირა, რომელსაც უკრაინული პორტიდან მარცვლეული გადაჰქონდა - თავდასხმას ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლა
შავ ზღვაში დრონების იერიშის შედეგად თურქული კომპანიის კუთვნილი სატვირთო ხომალდი ჩაიძირა, რომელსაც უკრაინული პორტიდან მარცვლეული გადაჰქონდა. თავდასხმას ეკიპაჟის 2 წევრი ემსხვერპლა, 3 დაშავდა, ხოლო 1 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
რუმინელმა მაშველებმა, ვერტმფრენებისა და ხომალდების ჩართულობით ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ბორტზე მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
დაზარალებული ხომალდი იდენტიფიცირებულია როგორც Royad Mammadov, რომელიც თურქულ კომპანია MG Shipping 5-ს ეკუთვნის და სენტ-კიტსი და ნევისის დროშით დაცურავს. გემმა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ოდესის ოლქის ისმაილის პორტი დატოვა და იტალიის ქალაქ რავენასკენ მიემართებოდა.
ინციდენტი რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, სანაპიროდან დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა. რუმინეთის თავისუფალი ნავიგატორების პროფკავშირის ხელმძღვანელის ადრიან მიჰალჩოიუს ცნობით, ხომალდს თავს ერთდროულად საჰაერო და საზღვაო დრონები დაესხნენ, რამაც ბორტზე ძლიერი ხანძარი და გემის ჩაძირვა გამოიწვია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო გემი, რომელსაც ომთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
თავდასხმის შედეგად დაშავებული აზერბაიჯანისა და ინდოეთის 3 მოქალაქე კონსტანცას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ, თუმცა კონტაქტურები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუმინეთის ხელისუფლებას თავდასხმაზე ოფიციალური პასუხისმგებელი მხარე ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.
„ეს იყო რუსული დრონების საშინელი დარტყმა ნეიტრალურ წყლებში მყოფ სამოქალაქო გემზე, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა. უკრაინამ არაერთხელ წამოაყენა წინადადება შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა რუსეთი ნორმალური ნაოსნობის ნაცვლად მუდმივად ტერორსა და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ირჩევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.