ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ირლანდიამ, როტაციის პრინციპის შესაბამისად, კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა.

გამოცემის ინფორმაციით, ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წლის პირველ იანვრამდე იქნება.

„ვიღებთ ვალდებულებას, ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მთელი ვადის განმავლობაში ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კავშირი უფრო აყვავებული და უსაფრთხო გავხადოთ, ასევე დავიცვათ ჩვენი საერთო ფუნდამენტური ფასეულობები“, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინიმ.

თავმჯდომარეობის პერიოდში ირლანდია გეგმავს, იმუშაოს „ერთიანი ევროპა, ერთიანი ბაზრის“ საგზაო რუკის განხორციელებაზე, რომელიც განსაზღვრავს, რა გადაუდებელი ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირმა შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის რეგულაციების გამარტივება, ერთიანი ბაზრის კიდევ უფრო გაღრმავება, სამართლიანი და ღია ვაჭრობის დაცვა, ენერგომატარებლების ფასების შემცირება და ეკონომიკის დეკარბონიზაცია, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის განვითარება ყველას სასარგებლოდ.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან, რათა მაქსიმალური პროგრესი იყოს მიღწეული.

როგორც მაიკლ მარტინმა აღნიშნა, ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში უცვლელი დარჩება უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა. გარდა ამისა, მისი თქმით, ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რათა ხელი შეუწყოს მათ წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და რეგიონში კეთილდღეობის, სტაბილურობის განმტკიცებას.