ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან - ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი, ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ

ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან - ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი, ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ

ვიხილე საჯარო კომენტარები ფიფას დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციას ეხება, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ფიფას მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპს, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.

„ფიფას სასამართლო ორგანოები დამოუკიდებელნი არიან. ისინი მოქმედებენ ავტონომიურად, იყენებენ ფიფას სადისციპლინო კოდექსს და საქმეებს წყვეტენ მოქმედი რეგულაციებისა და მათ წინაშე არსებული კონკრეტული ფაქტების საფუძველზე. მათი დამოუკიდებლობა აუცილებელია ფეხბურთის სანდოობისა და კეთილსინდისიერებისთვის, და ეს ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

დიახ, მე რეგულარულად განვიხილავ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს აშშ-ის პრეზიდენტთან და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, ისევე როგორც ვიღებ ზარებს სახელმწიფო მეთაურებისგან, სამთავრობო ჩინოვნიკებისგან, ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლებისა და ბიზნესლიდერებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალ განსხვავებულ საკითხზე. ჩვენი საუბრის დროს მე ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი და რომ საქმეს დადგენილ ვადაში განიხილავდნენ კომპეტენტური ორგანოები. ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ.

მე ვეცნობი ფიფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს მათი გამოქვეყნებისთანავე. ზოგჯერ ისინი მაკვირვებს. ზოგჯერ ვეთანხმები მათ, ზოგჯერ კი - არა.

თუმცა, რასაც ყოველთვის ვაკეთებ, არის ამ გადაწყვეტილებებისა და მათი მიმღები ორგანოების ავტონომიის პატივისცემა. მოგვწონს თუ არა პირადად ჩვენ ეს გადაწყვეტილება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემა და კანონის უზენაესობა არის ის, რაც ნებისმიერ დროს იცავს ჩვენი შეჯიბრებების კეთილსინდისიერებას და ფიფას სანდოობას“, - აღნიშნა ფიფას ხელმძღვანელმა.