დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური დაფინანსების წესები გაამკაცრა - მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს
საეჭვო ფინანსური ნაკადების შეჩერება და საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენცია - ამ არგუმენტებით განმარტავს დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკური დაფინანსების წესების გამკაცრებას.
ახალი ინიციატივის მიხედვით, პოლიტიკურ კანდიდატებს 2 230 ფუნტზე მეტი ოდენობის ნებისმიერი შემოწირულობის დეკლარირება დაევალებათ. გარდა ამისა, მათ მოუწევთ წინასაარჩევნო კამპანიისთვის მიღებული დაფინანსების კანონიერების დადასტურება.
ის, რაც დასაშვებია დიდი ბრიტანეთისთვის, საქართველოს შემთხვევაში მიუღებელია - ამ შეფასებით მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაც ამ პოლიტიკის ნაწილია.
დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში კანონში პრობლემას ვერ ხედავენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება დემოკრატიული სტანდარტების ფარგლებში ჯდება.
ბრიტანული დიპლომატიის კრიზისის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებებზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობაში აქცენტს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და შერჩევით მიდგომაზე აკეთებენ.
უცხოური ფინანსური ჩარევის გადახედვის გადაწყვეტილება ბრიტანეთმა გასულ წელს მიიღო. დღეს კი გაერთიანებულმა სამეფომ პოლიტიკური დაფინანსების წესები საბოლოოდ დაამტკიცა და გაამკაცრა.