რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ობიექტს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ობიექტს ადგილზე გაეცნო
სოფელ ლიაში, დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობზე, განთავსებულია 8 მოქმედი ჭაბურღილი, რომლებიც ქალაქ ჯვრის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს
მდ. ენგურში წყლის დონის მატების შედეგად, წყალი ჭაბურღილების ტერიტორიაზე გადმოდის და იწვევს მის პერიოდულ დატბორვას, რაც საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას
პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.