რუსლან სტეფანჩუკი – სერბები, უკრაინელები პატარა რუსები არ არიან, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც იქნებიან რუსების უმცროსი ძმები, კმარა დამცირება, ერთ დღეს ყველა ჩვენგანი აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
სერბები პატარა რუსები არ არიან. უკრაინელები პატარა რუსები არ არიან. მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არასოდეს იქნებიან რუსების უმცროსი ძმები. საკმარისია დამცირება. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, სადაც ევროპული ერები ცხოვრობენ და, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ყველა ჩვენგანი აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტეფანჩუკმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ძვირფასო მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცით დიქტატორული რუსეთისა და მისი სისხლიანი წინამორბედის — კომუნისტური, კაგებეშნიკური საბჭოთა კავშირის ნამდვილი ფასი. ეს კარგად იცის საქართველომ. ეს კარგად იციან ბალკანეთის ქვეყნებმა. საბჭოთა კავშირიც და რუსეთიც მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ პრინციპით — „დაყავი და იბატონე“. ისინი იყენებდნენ და კვლავაც იყენებენ პოლიტიკურ ტერორს, ეკონომიკურ შანტაჟს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მტრობის დასათესად. ამ ყველაფრის ფასი კი ადამიანთა უსაზღვრო ტკივილით იზომება.
სწორედ ამიტომ, დღეს აქ, ბელგრადში, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: სერბები პატარა რუსები არ არიან. უკრაინელები პატარა რუსები არ არიან. მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არასოდეს იქნებიან რუსების უმცროსი ძმები. საკმარისია დამცირება. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, სადაც ევროპული ერები ცხოვრობენ და, დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ყველა ჩვენგანი აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
კიევზე ბოლო მასშტაბური თავდასხმა სწორედ გუშინწინ მოხდა, როდესაც ბელგრადში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი. ამ თავდასხმამ თითქმის 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 70-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ამიტომ დღეს, აქ, თქვენ წინაშე, მოგმართავთ თხოვნით, განაგრძეთ უკრაინის პოლიტიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ამას გთხოვთ უკრაინელი ხალხის სახელით, ამას გთხოვთ სამართლიანობის აღდგენის სახელით, ამას გთხოვთ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის დამყარების სახელით. შესაძლოა, თქვენ არ ფლობდეთ იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ თქვენ, მეგობრებო, ნამდვილად გაქვთ მეხსიერება, სინდისი და ღირსება — თქვენი დიდი ქვეყნების და დიდი ერების ღირსება“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.