თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,- ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში და წარმოედგინათ ნამუშევრები თემაზე „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტოსურათის ან ნახატის სახით.
„პროექტი მთელი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა, შემეცნებითი შეხვედრა და საველე გასვლა გაიმართა, რაც მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარა.
დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის კულტურის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.“-აღნიშნულია ინფორმაციაში.