გურამ მაჭარაშვილი: არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის მცდელობა ამ ორი პოლიტიკური სუბიექტისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.
დეპუტატის თქმით, როდესაც ამ ორი პარტიის წარმომადგენლები 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციებს არ გმობენ, არ ემიჯნებიან პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვთ.
„მე ვფიქრობ, რომ არ გაჭირდება იმის დადასტურება, რომ, სამწუხაროდ, „ლელოც“ და გახარიას პარტიაც „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია. უნდა ვთქვათ, რომ გახარიას პარტია მაშინ შევიდა პარლამენტში, როდესაც დაინახა, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესი არ შედგა და ეს ღიად თქვეს კიდეც - დაველოდოთ, რა მოხდებაო. მაშინვე რატომ არ შევიდნენ პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო ორგანო შეიკრიბა? რაღაც ფენომენალური სქემა მოიფიქრეს - თან აღიარებენ და თან - არა იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, სადაც თვითონ სხედან, ხელფასს იღებენ და ტრიბუნას იყენებენ.
ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს.
რაც შეეხება იმას, გაჭირდება თუ არა „ლელოსთვის“ ან გახარიას პარტიისთვის ბრალის დამტკიცება - აქ ისმის კითხვა: სადმე თუ დაუფიქსირებიათ, რომ ისინი „ნაცმოძრაობასა“ და მის ფილიალებს ემიჯნებიან, მაგალითად, იმ აქციების შეფასებაში, სადაც რადიკალები ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს?
მათ არსად და არასოდეს დაუფიქსირებიათ პოზიცია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას გმობენ; ასევე, ეს ორი პარტია არასდროს გამიჯვნია პარლამენტისა და მთავრობის სახლის შტურმით აღებას, ასევე ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას.
„ლელოსა“ და გახარიას პარტიის წევრები აქციაზე მიდიოდნენ, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ აქციაზე სიტყვით არ გამოვიდოდნენ და უბრალოდ მხარს დაუჭერდნენ მომიტინგეებს - ამ შემთხვევაშიც ორმაგი სტანდარტით მოქმედებდნენ.
არც „ლელოს“ და არც გახარიას პარტიას არ დაუგმია 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ისინი ამ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს დღესაც კი პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
როგორ არიან პოლიტპატიმრები ადამიანები, რომლებმაც კრიმინალი ჩაიდინეს?! რომლებიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს ახორციელებდნენ?!
სწორედ აქ გადის გამყოფი ხაზი - „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ლელოსაც“ და გახარიას პარტიასაც ერთნაირი პოლიტიკური ნარატივი აქვთ.
თუ მათ სურთ, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, ამ უკანასკნელის მიერ 4 ოქტომბერს ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებსაც უნდა გაემიჯნონ - ჯერჯერობით ამას მხოლოდ თეორიულად აკეთებენ. სწორედ ამიტომ, ამ ორი პარტიისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ბრალის დამტკიცება სირთულეს არ წარმოადგენს,”- აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.



