უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს ირინა მუდრაიას კორუფციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 მილიონი გრივნის, ანუ 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მუდრაიამ განაცხადა, გირაოს თანხის მოძიებას, მათ შორის მეგობრების დახმარებით, შეეცდება.
პროკურატურა თავდაპირველად მუდრაიასთვის პატიმრობასა და 150 მილიონი გრივნის, დაახლოებით 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მედიის ცნობით, მუდრაიას უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. გამოძიება დეპუტატსა და ბიზნესმენ ვადიმ სტოლარსა და ყოფილ დეპუტატ მაქსიმ მიკიტასს უკავშირდება.
NABU-ს ინფორმაციით, საქმის ფიგურანტები 150 მილიონი გრივნის, დაახლოებით 3,4 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გათეთრებაში არიან ბრალდებულნი. თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Sense Bank-ის მეშვეობით უნდა გათეთრებულიყო სხვა კორუფციულ საქმეზე ბრალდებული პირისთვის გირაოს გადახდის შედეგად. გამოძიების თანახმად, ეს საქმე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის პერიოდში გამოვლენილ ყველაზე მასშტაბურ კორუფციულ შემთხვევად მიიჩნევა.
გამომძიებლების მტკიცებით, მუდრაიას, რომელიც პრეზიდენტის ოფისში სასამართლო საკითხებსა და რეფორმებზე იყო პასუხისმგებელი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს გირაოს გადასახდელად საჭირო თანხის მოძიებაში დახმარება ევალებოდა.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მუდრაია 19 აგვისტოს თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ გახდა ცნობილი.
20 აგვისტოს NABU-მ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ბიუროს განცხადებით, მუდრაიას სავარაუდო დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მიუთითებს. ჯგუფი უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებაში იყო ჩართული.
მუდრაია ყველა ბრალდებას უარყოფს.