მედია: სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე აზრი გაიყო, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
კომპანია Opinia24-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში აზრი გაიყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. კვლევის შედეგებს RMF24 ავრცელებს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლონელთა 44% მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმიის“ (UPA) საკითხის გამო, ვარშავამ უკრაინის სამხედრო დახმარება უნდა შეაჩეროს, მაშინ როდესაც 41% ფიქრობს, რომ სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა. ამ ნაბიჯს გამოკითხულთა 55% ემხრობა, ხოლო 27% წინააღმდეგია.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ პოლონელთა დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ გაუარესდა. რესპონდენტთა 54%-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა, თუმცა 36%-მა აღნიშნა, რომ ის გაუარესდა. მხოლოდ 3%-მა თქვა, რომ უკრაინელების მიმართ მათი დამოკიდებულება გაუმჯობესდა.
კვლევის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ პოლონელები უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. რესპონდენტთა 52% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის წინააღმდეგია, ხოლო 33% ამ პერსპექტივას მხარს უჭერს.
ყველაზე ფართო კონსენსუსი რესპონდენტებს შორის პოლონელი სამხედროების უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შესაძლო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის საკითხზე დაფიქსირდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის პოლონეთის სამხედროების გაგზავნას გამოკითხულთა 65% ეწინააღმდეგება, ხოლო მხოლოდ 18% უჭერს მხარს.
Opinia24-ის გამოკითხვა 2026 წლის 13–15 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის 1 000-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ.