The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

აშშ-ის მინესოტის შტატი გეგმავს ოთხი წლის ასაკის ბავშვებისთვის ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინები ხელმისაწვდომი გახადოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გაზეთ The New York Post-ის ინფორმაციით, ქაღალდის თოჯინები, რომლებსაც მოსახსნელი სასქესო ორგანოები აქვთ, მინესოტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიერ შეიქმნა. მათი მიზანია 10 წლამდე ასაკის ბავშვებმა „გაიგონ იმ სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არსებობს იმის განსაზღვრისას, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ისინი“.

თითოეულ თოჯინას გენდერულად ნეიტრალური სახელი აქვს, მოსახსნელი შიდა და გარე სასქესო ორგანოები, ასევე ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ვარცხნილობის 100-ზე მეტი ვარიანტი.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, საკამათო პროექტი მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა დააფინანსა, რასაც კონსერვატიული ჯგუფების უკმაყოფილება მოჰყვა.

მინესოტის უნივერსიტეტის სექსუალური და გენდერული ჯანმრთელობის ინსტიტუტმა შეისწავლა, როგორ თამაშობდნენ „ტრანს და გენდერულად მრავალფეროვანი“ ბავშვები და მათი მშობლები ამ თოჯინებით და როგორ „საუბრობდნენ გენდერსა და სხეულებზე“ ჯგუფებში.

თოჯინების პროტოტიპები 2024 წლის ერთ-ერთ კონფერენციაზე წარადგინეს. ერთ-ერთი მათგანი, სახელად „სემი“, ნაწილობრივ სქესის ცვლილებას ჰგავდა - სათამაშოს ერთ მხარეს ჰქონდა მოსახსნელი პენისი, მეორე მხარეს კი კაბა და გოგონების საცვალი.

კომპანია MyGender Dolls-ის ვებგვერდის მიხედვით, ტრანსგენდერი თოჯინები, რომლებიც ბავშვებს „გენდერის სახალისოდ აღქმას“ ჰპირდებიან, ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვის, სკოლის კონსულტანტებისთვის, პედიატრებისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.

კომპანია მათ რეკლამას უკეთებს, როგორც „პირველი ტიპის თერაპიულ სათამაშო მიდგომას, რომელიც განკუთვნილია 4-დან 10 წლამდე ასაკის გენდერულად მრავალფეროვანი ბავშვებისთვის“.

„შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი ისტორიების მოყოლაში და საკუთარი თავის წარმოჩენაში, MyGender Dolls ხელს უწყობს გამძლეობას, თავდაჯერებულობასა და სიხარულს სტრუქტურირებული და საინტერესო თამაშის საშუალებით“, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე, სადაც გამოსახულია კაბაში ჩაცმული ბიჭის თოჯინა.

როგორც გამოცემა წერს, თოჯინები, როგორც ჩანს, განკუთვნილია „იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ტრანს და გენდერულად მრავალფეროვან ბავშვებს კლინიკურ და საგანმანათლებლო გარემოში ეხმარებიან“, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, ექნებათ თუ არა მშობლებს შესაძლებლობა, უარი თქვან ასეთ გაკვეთილებზე.

კონსერვატიული ორგანიზაციის, ამერიკის პედიატრთა კოლეჯის ყოფილმა პრეზიდენტმა, ექიმმა კვენტინ ვან მეტერმა, განაცხადა, რომ ამ თოჯინებს „ეთიკური სამედიცინო დახმარების სამყაროში ადგილი არ აქვთ“.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც დაარწმუნებენ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია, „დაიბნევიან“, ხოლო „იდეოლოგების მიერ მშობლების, მასწავლებლების ან კონსულტანტების სახით გამოწვეული ემოციური ტრავმა“ საბოლოოდ გენდერულ დისფორიას გამოიწვევს.

ტიმ უოლზი, რომელიც გუბერნატორის პოსტზე მესამე ვადით იმყოფება და 2024 წელს ვიცე-პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, განათლებისა და გენდერული პოლიტიკის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელებმა მას მეტსახელი „ტამპონ ტიმი“ შეარქვეს მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ყველა სკოლის მოსწავლეს, მათ შორის ბიჭებსაც, უფასო მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფს.