იტალიაში დასუფთავების სამსახურმა ქალს შეცდომით გადაგდებული ლატარეის ბილეთი დაუბრუნა, რომლითაც მან მილიონი ევრო მოიგო
სამხრეთ იტალიის ქალაქ ბიტონტოში მცხოვრებმა ქალმა მილიონი ევროს ოდენობის ჯეკპოტი მოიგო, თუმცა სამწუხარო გაუგებრობის გამო თანხა კინაღამ დაკარგა. ბილეთების გაყიდვის პუნქტში ავტომატური შეტყობინების - „გადახდას არ ექვემდებარება“ მიღების შემდეგ, ქალმა ჩათვალა, რომ მისი ბილეთი უვარგისი იყო და იგი გადააგდო.
უკვე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, მან ციფრების კომბინაცია კიდევ ერთხელ გადაამოწმა და მიხვდა, რომ ბილეთი წესრიგში იყო, უბრალოდ მოგებული თანხა ძალიან დიდი აღმოჩნდა ადგილზე გასაცემად.
ქალს დახმარება ადგილობრივმა ნარჩენების გატანის სამსახურმა გაუწია. მისმა თანამშრომლებმა აღადგინეს გადაყრილი ნაგვის მარშრუტი და საძიებო ოპერაცია მოაწყვეს. დასუფთავების სამსახურის მუშაკები ნაგავს ხელით ახარისხებდნენ. დაახლოებით 05:30 საათზე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სანუკვარი ბილეთი დახეულ ნაგვის ტომარაში, მრავალ დაზიანებულ ქვითარს შორის იპოვა.
„ამ ისტორიაში არის რაღაც ჯადოსნური!“ - განუცხადა ჟურნალისტებს დასუფთავების კომპანიის ხელმძღვანელმა, რობერტო ნიკოლა ტოსკანომ. მისი თქმით, მას არასოდეს დაავიწყდება, როგორ ატირდა ქალი ბედნიერებისგან, როდესაც ბილეთის აღმოჩენის შესახებ შეიტყო. საძიებო ოპერაციის ყველა ხარჯი მან წინასწარ საკუთარ თავზე აიღო.