მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული, თავის დროზე, ქართველ სამხედროებს დააბრალეს
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.
„ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე როგორც რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული თავის დროზე დააბრალეს ქართველ სამხედროებს. იგივე მოქმედება მაშინ ჩაიდინეს, ახლა ბარამიძემ დაამატა, რომ ხვრეტდნენ.
მათი საქციელების, ნამოქმედარისა და ნათქვამების „გამპრავებელი“ ჟურნალისტებიც ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ისინი ამბობდნენ: ბარამიძე დახვრეტაში გულისხმობდა, მტერს რომ ესვრიო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. აქედან რომ იქ ესვრის და იქ ვიღაც კვდება, ეს ყოფილა დახვრეტა, აი ამ მარაზმულ ლოგიკამდე და „გაპრავებამდე“ მივიდა ჟურნალისტიც კი იმისათვის, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.