ტრამპის ყოფილი მრჩეველი უკრაინის საკითხებში უკრაინელი ქალების სამხედრო მობილიზაციას მხარს უჭერს - ქალები კაცებზე უარესად არ იბრძვიან
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის ქალების სამხედრო სამსახურში მობილიზაციას მხარს უჭერს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მჯერა თუ არა, რომ ქალები ჯარში უნდა იყვნენ მობილიზებული? ჩემი პასუხია - დიახ, რადგან ისინი კაცებზე უარესად არ იბრძვიან“, - განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, როგორც საზოგადოების ნაწილმა, სამხედრო სამსახური გაიარონ“. კელოგმა აღნიშნა, რომ ამ იდეაში პრობლემას „არც პირადად და არც პროფესიული თვალსაზრისით“ ვერ ხედავს.
კელოგმა უკრაინაში ქალების სამხედრო მობილიზაციის მხარდასაჭერად საკუთარი ოჯახის მაგალითიც მოიყვანა. მისი ქალიშვილი აშშ-ის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ავღანეთში მსახურობდა, ხოლო მისი მეუღლე გრენადაში პარაშუტისტად მსახურობდა.
კელოგის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ სამხედრო პერსონალის მწვავე დეფიციტს კვლავ განიცდის. ქვეყანაში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, როგორ შეავსოს შეიარაღებული ძალების რიგები, წერს უკრაინული მედია.
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო სამსახური სავალდებულო ყველა მოქალაქისთვის, სქესის მიუხედავად უნდა გახდეს.
„თუ ნამდვილად გვინდა ამ პრობლემის გადაჭრა, უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების წარმატებული გამოცდილება, რომლებსაც ასეთი სისტემა აქვთ. საფრთხის დონით დღეს ჩვენთან ყველაზე ახლოს ისრაელია, სადაც ქალები კაცების მსგავსად მსახურობენ ჯარში“, - განაცხადა რეზნიკოვმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.
რეზნიკოვის შეფასებით, ქალების მობილიზაციამ სამხედრო სამსახურისთვის ხელმისაწვდომი ადამიანების რაოდენობა შესაძლოა ორჯერ გაზარდოს. მისი თქმით, ქალებს შეუძლიათ სამხედრო ფუნქციების ნაწილი, რომელიც ფრონტის ხაზს არ უკავშირდება, შეასრულონ, რაც მეტ კაცს საბრძოლო პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ამის განსახორციელებლად უკრაინის პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეცვალოს.