გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი – გერმანიის რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკი არსებობს

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი – გერმანიის რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკი არსებობს

გერმანიის რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩათრევის რისკი არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა განაცხადა.

მარტინ იეგერი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას რუსეთის „ჩრდილოვანი ომის“ სამიზნედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ გერმანია ევროპაში რუსეთის ჰეგემონური ამბიციების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა.

„რუსეთთან დაპირისპირებამ ახალი, უფრო სახიფათო ხასიათი მიიღო. გერმანიას აქვს საფრთხე, რომ რუსეთთან ძალადობრივ კონფლიქტში იყოს ჩათრეული. ლაიფციგში განხორციელებული თავდასხმის მცდელობა ამის მხოლოდ ერთი მაგალითია. ამჟამად არცერთი სხვა ქვეყანა არ წარმოადგენს გერმანიისთვის ასეთ პირდაპირ, ყოვლისმომცველ და კონკრეტულ საფრთხეს. რუსეთის სპეცსამსახურები მოქმედებდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და დაუნდობლობით. გერმანიაში არსებულ სამიზნეებზე თავდასხმის საფრთხე კვლავაც რეალური და აქტუალურია. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ“, – აღნიშნა გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა.

იეგერის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობას სურს, მომავალში ბერლინსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში მოსკოვის საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული.

„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჩრდილოვან ომს აწარმოებს. ამ გამოუცხადებელი ომის აღქმა ტრადიციული სამხედრო ან სამართლებრივი კატეგორიებით შეუძლებელია. ჩვენ არ ვიმყოფებით თავდაცვის მდგომარეობაში, თუმცა თავს გვესხმიან – ეს ჩრდილოვანი ომია“, – აღნიშნა მარტინ იეგერმა.