მარკო რუბიო: აშშ-ს კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს

მარკო რუბიო: აშშ-ს კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს

ვაშინგტონი ამ ეტაპზე არ გეგმავს კიევიდან თავისი დიპლომატების გაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს და უცხოელ დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„იქ საელჩო გვაქვს და თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა მათთვის ადგილზე ყოფნა. თუ გაჩნდება საფრთხე, რომელიც პოზიციის შეცვლას მოითხოვს, ჩვენ ასეც მოვიქცევით. ამ მომენტამდე ასეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ უკვე თვეებია მოუწოდებს და კიევზე თავდასხმები უცხოური დაწესებულებებისთვის ახალ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

მისი თქმით, ვაშინგტონი ყოველდღიურ რეჟიმში აანალიზებს მსოფლიოში არსებული თითოეული დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებას.

მანამდე, 2 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არცერთ უცხოურ დიპლომატიურ მისიას კიევისთვის ევაკუაციის ან ლოკაციის შეცვლის გეგმების შესახებ არ უცნობებია. 

უწყების სპიკერის თქმით, არსებობს დადგენილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც ელჩები მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ მხარეს წინასწარ ატყობინებენ.