Associated Press: მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე გადადგომას აპირებს
მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნააგიინ ხურელსუხმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველი „მონღოლეთის სახალხო პარტიის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მას შვიდი წლის წინ, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სახელმწიფო სარკინიგზო პროექტიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში დასდო ბრალი, იუწყება, Associated Press-ი.
სააგენტოს ცნობით, განცხადებას წინ უძღოდა ულან-ბატორის ყოფილი მერის, ხიშგეე ნიამბაატარის ბრალდება. შაბათს მან განაცხადა, რომ ხურელსუხმა ტავანტოლგოი-გაშუუნსუხაიტის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით, 25 მილიონი დოლარი მიიღო. ყოფილი მერი იმავე პარტიის განსხვავებულ შიდაპარტიულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს.
ბრალდებების შემდეგ ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა“ პარტიამ ხურელსუხს გადადგომისკენ მოუწოდა.
ხურელსუხი ბრალდებებს უარყოფს. მოსახლეობისადმი მიმართვისას მან განაცხადა, რომ ერთ თვეზე მეტია მისი რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული უწყვეტი თავდასხმების სამიზნეა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს.
„ჩემი ხალხი ან ჩემი სახელმწიფო არასოდეს გამიძარცვია. პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადავაბარებ და რიგითი მოქალაქე გავხდები“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
ბრალდებების თანახმად, ხურელსუხმა 2019 წელს უზრუნველყო, რომ სარკინიგზო პროექტის კონტრაქტი ტენდერის გარეშე გადასცემოდა კომპანია Bodi International LLC-ს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა კომპანიისგან ქრთამი მიიღო.



