დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.
როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ინფანტინოს გადაყენების შესაძლებლობის განხილვას დაიწყებს.
„FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს. ის შესანიშნავი ხელმძღვანელია და სულ ახლახან უხელმძღვანელა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მსოფლიო ჩემპიონატს - ოთხჯერ უფრო წარმატებულს, ვიდრე აქამდე ჩატარებული ნებისმიერი სხვა მუნდიალი. თუ ის წავა, მსოფლიო ჩემპიონატი ვეღარასდროს იქნება ასეთი წარმატებული ან მომგებიანი!“, - დაწერა ტრამპმა.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ ინფანტინო კომპანიის შექმნას გეგმავდა, რომელსაც FIFA-ს ეგიდით ჩატარებული მთავარი საფეხბურთო ტურნირების ორგანიზება და ერთპიროვნული მმართველობა შეეძლებოდა. ახალი კომპანია კერძო პირებზე უნდა გასხვისებულიყო, რაც 4,2 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს მოიტანდა. აღნიშნული ინიციატივა სხვა საფეხბურთო ფედერაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს და ბოიკოტით დაიმუქრნენ. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფანტინომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, რადგან ორგანიზაციაში მხარდაჭერა დაკარგა.