მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის
საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის, - ინფორმაციას გამოცემა eKathimerini ავრცელებს, რომლის წყაროების ცნობით, უკრაინამ საბერძნეთს 200-მდე რაკეტის გადაცემის თხოვნით მიმართა. როგორც აღინიშნება, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ამ რაკეტას ექსპლუატაციის ვადა ეწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადება ითვალისწინებს საბერძნეთის მიერ რაკეტების ნორვეგიისთვის მიყიდვას, რომელიც შემდეგ მათ უკრაინას მიაწვდის. ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ათენს არ გამოუხატავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ამაზე დადებითად რეაგირებას გეგმავს.
ბერძენი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანას უკვე შეაქვს წვლილი მოკავშირეების უსაფრთხოებაში Patriot-ის სისტემების განლაგებით, კერძოდ, საუდის არაბეთში არსებული ბატარეით, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას იცავს.
საბერძნეთმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკრაინის დასახმარებლად მიაწოდა Sea Sparrow-ისა და Crotale-ის ტიპის რაკეტები მას შემდეგ, რაც ბერძნულ შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემების ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა.
ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, რომლის შეიარაღებაშიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot და შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი რაკეტა-გამტაცებლებიც, საკუთარი მარაგებიდან უკრაინას ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო. ამიტომ, როგორც ნიდერლანდელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ამ საკითხში ზეწოლა სხვა ქვეყნებზე უნდა განხორციელდეს.