POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავრობა თავდაპირველად დაახლოებით 500 000 განაცხადს ელოდა, შუა ივნისისთვის უკვე 900 000-ზე მეტი განაცხადი იყო შეტანილი. როგორც POLITICO იუწყება, პროგრამის მიხედვით, ბინადრობის განახლების უფლება ეძლევათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სულ მცირე ხუთი თვე ცხოვრობენ და ნასამართლობა არ აქვთ.

ლეგალიზაციის პროცესი 2024 წლის მოქალაქეთა ინიციატივას უკავშირდება, რომელსაც 700 000-ზე მეტი ესპანელი, ასობით ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ბიზნესჯგუფი და კათოლიკური ეკლესია უჭერდა მხარს. გასული წლის აპრილში პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მთავრობამ სამეფო დეკრეტი დაამტკიცა, რომელიც მსურველებს სამ თვეზე ცოტა მეტი დრო მისცა განაცხადების შესატანად, წერს გამოცემა.

ხელისუფლების ცნობით, 900 000-ზე მეტი განმცხადებლიდან დაახლოებით 360 000 უკვე მიიღო დროებითი სამუშაო და ბინადრობის ნებართვები.

როგორც პედრო სანჩესი აცხადებს, აღნიშნული ნაბიჯი არის იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც უკვე მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკაში. ლეგალიზაციის ახალ პროგრამას მკაცრად აკრიტიკებენ მემარჯვენე ცენტრისტული „ხალხის პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“. გასულ თვეს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა დეკრეტის დროებით შეჩერებაზე.

როგორც POLITICO წერს, ესპანეთის მასობრივი ლეგალიზაციის პროგრამა ევროკავშირის მიმდინარე მიგრაციულ პოლიტიკასაც ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიგრაციის სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმა აამოქმედა, რაც ითვალისწინებს სწრაფ დეპორტაციებს, უფრო მკაცრ სასაზღვრო პროცედურებს და ე.წ. „დაბრუნების ჰაბების“ შექმნას ევროკავშირის გარეთ. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები, ამ ცენტრების სწრაფად შექმნას აქტიურად ითხოვენ.