The Guardian: სამხრეთ კორეა რუსეთს ნავთობს აწვდის

The Guardian: სამხრეთ კორეა რუსეთს ნავთობს აწვდის

The Guardian-ის ანალიზის თანახმად, სამხრეთ კორეის პორტებიდან რუსეთში ივლისსა და აგვისტოში 176 ათას ტონაზე მეტი საწვავი, ძირითადად დიზელი, გაიგზავნა. გადაზიდვებში შვიდი ტანკერი მონაწილეობდა, მათგან სამი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.

The Guardian-ის მიერ პორტების ჩანაწერებისა და გემების გადაადგილების მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ შვიდი ტანკერი სამხრეთ კორეის რამდენიმე პორტში საწვავით დაიტვირთა და რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში 14 რეისი შეასრულა.

ერთ-ერთ შემთხვევაში საწვავი გემიდან გემზე გადატვირთვის გზით ჩაიტვირთა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში. ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა, შენიღბული იყოს ტვირთის წარმოშობა და გემი პორტის ტერმინალში არ შევიდეს.

„შოკის მომგვრელია, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულმა ტანკერებმა სამხრეთ კორეის პორტებში საწვავი აიღეს და ის რუსეთში გადაიტანეს. ეს სანქციების რეჟიმს და სამხრეთ კორეის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ასუსტებს“, - განაცხადა ფინური კვლევითი ორგანიზაცია Centre for Research on Energy and Clean Air-ის ანალიტიკოსმა ისააკ ლევიმ.

სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებასა და არალეტალურ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებსა და განაღმვისთვის საჭირო ტექნიკას აწვდის. 2023 წელს სეულმა უკრაინის მხარდასაჭერად 2,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, რომლის უმეტესი ნაწილი სესხების სახითაა გათვალისწინებული, წერს გამოცემა.

ამასთან, სამხრეთ კორეა ომის დაწყების შემდეგ ცდილობს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინტერესს შეუთავსოს. სეულმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდებას არ გეგმავს, რადგან ომში ჩართული ქვეყნებისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას არ ახორციელებს. თავის მხრივ, მოსკოვმა არაერთხელ მიანიშნა სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების, მათ შორის სავაჭრო კავშირების, აღდგენის ინტერესზე.

The Guardian-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვებში სამხრეთ კორეის დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული გემებიც მონაწილეობდნენ, ეს, როგორც ჩანს, სამხრეთ კორეის კანონმდებლობას არ არღვევს. სეულის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზომები ძირითადად ისეთ საქონელზე საექსპორტო კონტროლს მოიცავს, როგორიცაა სამრეწველო დანადგარები, ელექტრონიკა და ავტომობილები.

თუმცა, გამოცემის შეფასებით, ეს გადაზიდვები სეულს დასავლეთის მცდელობებში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად სუსტ რგოლად წარმოაჩენს. ამ ფონზე, უკრაინასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებიც გარკვეული დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის საკითხზე.

უცნობია, ვინ ფლობდა ან ვინ ყიდდა საწვავს, რადგან სამხრეთ კორეის პორტების ჩანაწერებში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული.

ყველაზე დიდი გადამზიდავი იყო სანქცირებული ტანკერი Layla, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ულსანის პორტიდან ვლადივოსტოკში ორი რეისი შეასრულა — 19 ივლისს და 10 აგვისტოს. ორივე რეისზე ტანკერმა ჯამში 57 ათასი ტონა დიზელი გადაიტანა. პირველ შემთხვევაში სამხრეთ კორეის ხელისუფლებას გემმა დანიშნულების ადგილად ვლადივოსტოკი, მეორე შემთხვევაში კი იაპონიის ნიიგატა მიუთითა.

კიდევ ერთმა სანქცირებული ტანკერი, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი Astoria, რომელიც ავსტრალიის სანქციების ქვეშაც იმყოფება, 1 აგვისტოს ულსანში თითქმის 11 ათასი ტონა საწვავით დაიტვირთა. გემმა დანიშნულების ადგილად იაპონია მიუთითა, თუმცა საბოლოოდ ვლადივოსტოკისკენ გაემართა.

მესამე სანქცირებული ტანკერი Chongchon სამხრეთ კორეის პორტში საერთოდ არ შესულა. აგვისტოს დასაწყისში მან დაახლოებით 26 ათასი ტონა საწვავი სამხრეთ კორეის სამხრეთ ნაწილში, იოსუს პორტთან მდებარე საზღვაო რაიონში, სანქციების არმქონე ტანკერ Celeste I-დან გადაიტანა. ამის შემდეგ გემი ვლადივოსტოკისკენ გაემართა, მანამდე კი დანიშნულების ადგილად სინგაპური ჰქონდა მითითებული.