The Independent: სერბეთში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას პილოტი ემსხვერპლა
სერბეთში, ბელგრადის ჩრდილო-დასავლეთით სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას The Independent-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხედრო თვითმფრინავი MiG-29 ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:45 საათზე, სერბეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 48 კილომეტრში, ქალაქ სტარა-პაზოვას მახლობლად, მინდორში ჩამოვარდა.
ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევებია ასახული. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იმყოფებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება.
უწყების ინფორმაციით, დაიღუპა მაიორი გორან ბულაიჩი, რომელიც 1973 წლის 25 მარტს დაიბადა და სამხედრო სამსახური 1996 წელს დაიწყო.
შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.



