ვიტო კოლელიშვილის სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასზე უელსთან პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
27 ივნისიდან თბილისი და ქუთაისი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის მსოფლიო თასის მატჩებს უმასპინძლებს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ტურნირის პირველ მატჩს 27 ივნისს, „ავჭალის“ სტადიონზე, უელსის ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ვიტო კოლელიშვილის ხელმძღვანელობით, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. „გასახურებელ“ მატჩში ახალი ზელანდია 22:19 დაამარცხა, იმ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო კვაჭმა ანრი შველიძემ, მის ნაცვლად თამაშში გიორგი აღნიაშვილი ჩაერთო და უელსთან შეხვედრასაც სწორედ ის იწყებს. სხვა მხრივ ცვლილებები არ არის. ბურჯებად თამაშს გიორგი ტურაშვილი და გაბრიელ რაზმაძე იწყებენ, მეორე ხაზში დავით ბარამია და ნიკოლოზ ჩხორთოლია შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ზაზაძეს, გუნდის კაპიტან ლუკა ნარსიასა და მიხეილ შიოშვილს ვიხილავთ.
ღერძზე თამაშს თემურ ძოძუაშვილი და მათე მახარაძე იწყებენ, ცენტრში დავით ბარბაქაძე და ლეონიდე სალდაძე შეწყვილდებიან, ხოლო ფრთებზე ავთანდილ ზვიადაძე და ლუკა ტაბატაძე ითამაშებენ. ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსთან:
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.