ფინეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს - „ევროპის ჩართულობა რუსეთთან ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში სხვებს გადავაბარეთ და ვფიქრობ, ეს უპასუხისმგებლო იყო“

ფინეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს - „ევროპის ჩართულობა რუსეთთან ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში სხვებს გადავაბარეთ და ვფიქრობ, ეს უპასუხისმგებლო იყო“

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი უნდა გამართონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

სტუბის შეფასებით, რუსეთის საკითხზე მოლაპარაკებების აშშ-ის ადმინისტრაციისთვის გადაბარება „უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი იყო.

სტუბმა Financial Times-თან ინტერვიუში გააფრთხილა ევროპა, რომ შესაძლოა ვაშინგტონი კონტინენტის გავლენის სფეროებად გადანაწილების იდეისკენ იხრებოდეს.

სტუბის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლები იმსახურებენ აღიარებას იმისთვის, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებები განაახლეს და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მისი თქმით, ევროპამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე ინიციატივა თავად უნდა აიღოს.

„ევროპის ჩართულობა რუსეთთან ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში სხვებს გადავაბარეთ და ვფიქრობ, ეს უპასუხისმგებლო იყო. ახლა, როდესაც გარკვეული ჩარჩო გვაქვს, მიმაჩნია, რომ ევროპელმა ლიდერებმა პუტინთან პირდაპირი დიალოგი უნდა გამართონ, ერთი და იმავე გზავნილებითა და საერთო პოზიციით“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბის შეფასებით, ევროპა გზაგასაყარზე დგას: არჩევანი უნდა გააკეთოს 1945 წლის იალტის შეთანხმების განმეორებასა და 1975 წლის ჰელსინკის აქტის პრინციპებს შორის. იალტის შეთანხმებამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საბჭოთა გავლენის სფეროში მოაქცია, ხოლო ჰელსინკის აქტმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყო ხელი და განამტკიცა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპები.

კითხვაზე, მიეკუთვნება თუ არა აშშ იალტის შეთანხმების პრინციპების მხარდამჭერთა ბანაკს, სტუბმა უპასუხა, რომ იმედოვნებს, ასე არ არის.

„არ ვიცით, რომელ მხარეს გადაიხრება ახლა აშშ. სავარაუდოდ, ის უფრო იალტის ბანაკისკენ იხრება, თუმცა მომავალში შესაძლოა, ჰელსინკის ბანაკისკენ გადაინაცვლოს. მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, დიალოგი გავმართოთ და, ვფიქრობ, ეს უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ეს ომი არ მოუგია და, სიმართლე რომ ვთქვათ, ვერც მოიგებს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ევროპასთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ევროპამ ასეთი მოლაპარაკებებისთვის მზადება დაგვიანებით დაიწყო.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები და ნატო წარმოადგენენ. სამშაბათს სტუბი და სხვა ევროპელი ლიდერები ბერლინში შეიკრიბებიან, რათა იმსჯელონ, რა შინაარსი უნდა ჰქონდეს ევროპის საერთო პოზიციას.

გასულ თვეში სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამ ნაბიჯს ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აკრიტიკებდა, რადგან მათთან წინასწარი კონსულტაციები არ გამართულა. სტუბი ინიციატივას იცავს და ამბობს, რომ ეს იმ მოვლენების ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომლებმაც საბოლოოდ ევროპას მოლაპარაკებებისთვის საკუთარი გუნდის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგის განმსაზღვრელები ჩვენ გავხდეთ. პირველ რიგში, გვჭირდება განრიგი. მეორე - დღის წესრიგი“, - განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ექვსი მიმართულება დაასახელა: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული საკითხი და ომის შემდგომი კეთილდღეობა, ნდობის აღდგენის ზომები და ცეცხლის შეწყვეტა, ასევე მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.