ტრამპის განცხადებით, ჩინეთთან და რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შეზღუდვაზე შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა ის მუშაობას გააგრძელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ სამმხრივი შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, თუმცა ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.
„მომწონს ეს იდეა, თუმცა უშუალოდ მოლაპარაკებების თვალსაზრისით, პრეზიდენტისთვის ეს ძალიან რთული საკითხია“, - განაცხადა ტრამპმა სააგენტოსთან სატელეფონო საუბრისას.
ჩინეთში ვიზიტისას ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბირთვული შეიარაღების კონტროლზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება იყო. თუმცა პეკინი ამ საკითხის განხილვისგან თავს იკავებს, რადგან აქტიურად აფართოებს საკუთარ ბირთვულ არსენალს, რათა ამ მიმართულებით რუსეთისა და აშშ-ის უპირატესობა შეაჩეროს, წერს სააგენტო.
2023 წელს ჩინეთს დაახლოებით 410 ბირთვული ქობინი ჰქონდა. შედარებისთვის, აშშ-ის არსენალი დაახლოებით 3 708 ქობინს მოიცავდა. 2026 წლის მარტის მდგომარეობით, რუსეთის ბირთვული არსენალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, დაახლოებით 5 420 ქობინს შეადგენდა.
ჩინეთი ბირთვულ არსენალს სწრაფად აფართოებს. პენტაგონის პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანას 1 000-ზე მეტი მოქმედი ბირთვული ქობინი ექნება.
ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის იდეას ეთანხმება, თუმცა მისი პრაქტიკაში განხორციელება რთულია.
„სი ამ იდეას ეთანხმება, თუმცა, ამავდროულად, ძალიან რთულია ვინმემ თქვას: ჩვენ 4 000 ბირთვული იარაღი გვაქვს და ნახევარზე უარს ვიტყვით. ამის გაკეთება რთულია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ის ამ საკითხის წამოჭრას კვლავ გააგრძელებს, რადგან ბირთვული შეიარაღების შეზღუდვა აუცილებელია, თუმცა ამის გაკეთება ფსიქოლოგიურად რთულია.
მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა დაიწყოს“. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გამართავენ დიალოგს ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე.



