ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ სოლო საღამო გამართა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან არსებულმა ყაზბეგის სალოტბარო სკოლამ, თამარ გოგოჭურის ხელმძღვანელობით, სოლო საღამო გამართა- ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იუგუდიელი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი ესწრებოდნენ.
სოლო საღამოზე სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულდა აღმოსავლეთის მთის, მცხეთა-მთიანეთის ძველი ფოლკლორული ნიმუშები, ღონისძიების დასასრულს კი მთის ჰანგები ყაზბეგის კულტურის და განათლების განვითარების ცენტრთან არსებულ ბავშვთა ანსამბლ “კარიბჭესთან” ერთად აჟღერდა.
ღონისძიებაზე, ყაზბეგის სალოტბარო სკოლის სახელით, მადლობის სიგელები გადაეცათ ეთნომუსიკოლოგ ნანა ვალიშვილს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულ ქალთა ფოლკლორულ ანმსამბლს - ”დიდებაი”, მოხეური ფოლკლორის შენახვის, პოპულარიზაციისა და ჩვენამდე მოტანისთვის.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გამართულ შემოქმედებით საღამოს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები.