გერმანიის დაზვერვა: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჩრდილოვან ომს აწარმოებს

გერმანიის დაზვერვა: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჩრდილოვან ომს აწარმოებს

გერმანიამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თავისი მდგრადობა იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა რუსეთისგან მომდინარეობს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა მარტინ ეგერმა ბუნდესტაგის სპეცსამსახურების კონტროლის საპარლამენტო კომიტეტის ღია მოსმენაზე განაცხადა.

„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჩრდილოვან ომს აწარმოებს“, - აღნიშნა ეგერმა. მისი თქმით, მოსკოვი ზეწოლის ინსტრუმენტების ფართო არსენალს იყენებს, მათ შორის დაშინების კამპანიებს, ხოლო ნატოს ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული დაბალი ინტენსივობის აქციები უკვე აღარ წარმოადგენს გამონაკლისს. 

BND-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ასევე ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც კიევისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების ჩაშლისკენაა მიმართული. მისი შეფასებით, მიმდინარე კონფრონტაცია უკვე გასცდა ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირების ჩარჩოებს და არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, სამომავლოდ შემდგომი ესკალაციაც არ არის გამორიცხული. შექმნილ სიტუაციაში გერმანული სპეცსამსახურები „თავდაცვის პირველ ხაზს“ წარმოადგენენ.

თავის მხრივ, კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების (BfV) ხელმძღვანელმა, სინან სელენმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადყოფნას გამოხატავს არა მხოლოდ დივერსიების, არამედ მკვლელობების მიმართაც. მისი თქმით, მსგავსი ქმედებების არსენალში ასევე შედის დეზინფორმაციული კამპანიები და ტერაქტების მცდელობები.

მაგალითის სახით სელენმა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი მოიყვანა, სადაც აგვისტოს დასაწყისში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. „ჩვენ უკვე მივაღწიეთ წარმატებას მსგავსი საფრთხეების აღკვეთაში“, - განაცხადა BfV-ის ხელმძღვანელმა, თუმცა დასძინა, რომ ვითარება კვლავ უარესდება, რის გამოც გერმანულ სპეცსამსახურებს თავიანთი შესაძლებლობების გაძლიერება კიდევ უფრო მართებთ.