The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა

The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დეპუტატების შეფასებით, საბავშვო შოუ, შესაძლოა, რუსეთის „რბილი ძალის“ ფორმად გამოიყენებოდეს.

როგორც The Guardian-ი წერს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ანიმაციური სერიალი, რომელიც პატარა გოგონასა და ცირკის დათვის თავგადასავლებს ასახავს, შესაძლოა, ბავშვებზე პროპაგანდისტულ გავლენას ახდენდეს.

სერიალი, რომელიც რუსულ ხალხურ ზღაპრებზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციაა YouTube-ზე. მის ერთ-ერთ ეპიზოდს 4.6 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

თუმცა, მულტფილმი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც უკრაინის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ისე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომლებიც მას რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ბრიტანელი დეპუტატები კულტურის მინისტრს ლიზა ნანდის წერილით მიმართავენ და საკითხში გარკვევას სთხოვენ.

დეპუტატების მიერ მომზადებულ წერილს, რომელსაც ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარი ტომ გორდონი ხელმძღვანელობს, 50-ზე მეტი პარლამენტარი აწერს ხელს. მათი მტკიცებით, მულტიპლიკაციის ზოგიერთი სცენა „პროპაგანდისტულ შინაარსს“ შეიცავს და ეს „არ არის ფარული მინიშნება“.

ისინი მიუთითებენ ეპიზოდებზე, სადაც პერსონაჟი მაშა საბჭოთა სამხედრო სტილის ქუდითა და ფორმით ჩნდება, ასევე სცენაზე, სადაც მას საბჭოთა სასაზღვრო სამსახურთან დაკავშირებული ქუდი ახურავს.