Bloomberg: ნატო რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში სწრაფი გამარჯვების სტრატეგიას ამუშავებს
ნატოში რუსეთის პოტენციური შეჭრის შეკავების სტრატეგიაზე მუშაობენ, თუმცა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევისთვის მუშავდება სწრაფი გამარჯვების მიღწევის სცენარი. ინფორმაციას Bloomberg-ი დოკუმენტზე „გამარჯვების თეორია“ (Theory of Victory) დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ დოკუმენტს ევროპაში ნატოს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი 12 ოქტომბერს, პოლონეთში წარადგენს, ალიანსსა და რუსეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.
როგორც ინფორმირებული მაღალჩინოსნები და დიპლომატები აღნიშნავენ, ამ დოკუმენტის მიზანი იმის განმარტებაა, თუ როგორ გაუმკლავდება ალიანსი მის ტერიტორიაზე სავარაუდო შეჭრას. ბოლო დროს გახშირდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი მსგავს ნაბიჯებს განიხილავს.
ამავდროულად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ალიანსზე ტრადიციული ფორმით თავდასხმის მომზადების არანაირი ნიშნები არ არსებობს, თუმცა ევროპა მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ჰიბრიდული შეტევებისთვის.
გრინკევიჩის პრესმდივანმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა უარი თქვა გეგმის დეტალების განხილვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსი „წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა“.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, დოკუმენტის მიზანია მოკავშირეებს აჩვენოს, თუ როგორ ახდენს ნატო ტრადიციული შეიარაღების ინტეგრირებას იმ ახალ შესაძლებლობებთან, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოიკვეთა. ასევე, მიზანს წარმოადგენს მოკავშირეების წახალისება თავდაცვის სექტორში უფრო დიდი ინვესტიციების ჩასადებად და უკეთესი მომზადების უზრუნველსაყოფად.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მზადყოფნის დემონსტრირებით ნატო მიზნად ისახავს, მოწინააღმდეგე იმ დასკვნამდე მიიყვანოს, რომ გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.
თუმცა, ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში, ალიანსი შეჭრას აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს შეკავების ინიციატივის ფარგლებში სახმელეთო ჯარებისა და სხვა საშუალებების კომბინაციით დაბლოკავს. შესაბამისი კონცეფცია ითვალისწინებს იაფფასიანი დრონების, მინიმალური ეკიპაჟის მქონე სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტით მართვადი სამიზნე საშუალებების გამოყენებას.